საჭიროა თუ არა მაღალი ტემპერატურის ხელოვნურად დაგდება?
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_bf9c25d1a2ff4449a1dbd0da10e8242f~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_515,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/109a1e_bf9c25d1a2ff4449a1dbd0da10e8242f~mv2.jpg)
ტემპერატურის მატება ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის ძირითადი საშუალებაა, რადგან ერთი მხრივ, ტემპერატურის მომატებისას ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, რისი წყალობითაც ბავშვის იმუნიტეტი უფრო ეფექტურად მუშაობს, მეორე მხრივ კი ტემპერატურის მატებისას ვირუსისა და ბაქტერიის გავრცელების სიჩქარე იკლებს. მშობლები ხშირად მიმართავენ ტემპერატურის ხელოვნურად დაგდებას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს პროცედურა სამკურნალო ეფექტს არ იძლევა. სწორედ ამიტომაა, რომ პედიატრები ტემპერატურის ხელოვნურად დაქვეითებას მხოლოდ 39 გრადუსზე მაღალა აწევის შემთხვევაში გვირჩევენ. ამიტომ, თუ ბავშვს მძიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, მაშინ უმჯობესია, ორიენტირება მოვახდინოთ არა ტემპერატურაზე, არამედ ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე (გუნება-განწყობილებაზე).
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს, რა უნდა თავად ბავშვს: თუ სიცხე სწრაფად იმატებს, ბავშვს აციებს და აჟრიალებს, მაშინ პატარას უნდა დავეხმაროთ თბილი ტანსაცმლის, საბნის და ცხელი სასმლის დახმარებით სწრაფად გათბობაში. როცა ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს, შემცივნება გაივლის, მაგრამ კანი შეიძლება ოდნავ გაწითლდეს და შუბლზე ოფლის წვეთები გაჩნდეს. ამ დროს უკვე ბავშვის შეძლებისდაგვარად გაშილიფებაა საჭირო (ასე უფრო გაუადვილდება ცხელების გადატანა). ამავე მიზანს ემსახურება ბავშვის წყალნარევი სპირტით ან ძმრით დაზელა ან თბილი აბაზანის მიღება. ეს პროცედურები ტემპერატურის დაქვეითებას შეუწყობს ხელს. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ტემპერატურის მედიკამენტებით მკვეთრ დაცემას მისი მკვეთრი მატება მოჰყვება, რაც კრუნჩხვებს იწვევს. გარდა ამისა, ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვას საგრძნობლად ზრდის.
თუ ბავშვს ქრონიკული დაავადება აქვს, მაგალითად – გულის თანდაყოლილი მანკი, მძიმე ნევროლოგიური სინდრომი, ქალაშიგა წნევის მატება ან სხვა, ტემპერატურის დაქვეითება, მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა იგი 38,5-39 გრადუსამდე ავა. უპირატესობა ტემპერატურის დაგდების ფიზიკურ მეთოდებს (რაზეც უკვე ვისაუბრეთ) უნდა მივანიჭოთ. თუ სიცხის დამწევი მედიკამენტების მიცემა გადაწყდება, მაშინ უმჯობესია, იბუპროფენისა და პარაცეტამოლის საფუძველზე დამზადებული სანთლების ან სპრეის (ასაკის შესაბამისი დოზით) გამოყენება. ასპირინისა და ანალგინის საფუძველზე დამზადებული სიცხის დამწევების მიცემა ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან ასპირინმა შეიძლება ღვიძლის უკმარისობა გამოიწვიოს, ანალგინს კი ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება ჯანმრთელობისთვის საშიშ ოდენობამდე შეუძლია.