დავიცვათ თავი გაცივებისა და გრიპისგან
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_bdaa7a54a47e454d9fccbcf8c90c1e3a~mv2.jpg/v1/fill/w_740,h_555,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/109a1e_bdaa7a54a47e454d9fccbcf8c90c1e3a~mv2.jpg)
როგორც წესი, ექიმები შემოდგომობით გვაფრთხილებენ, რომ გრიპის ეპიდემია კარსაა მომდგარი და აცრების გაკეთებას გვირჩევენ, მაგრამ ეს ყოველთვის როდი იძლევა შედეგს ან ყველას როდი აქვს ვაქცინაციის საშუალება. სამაგიეროდ, იმუნიტეტის გასაძლიერებელ, ხალხურ საშუალებებზე ხელი ნებისმიერს მიუწვდება. ზოგჯერ ისინი ქიმიურ პრეპარატებზე უფრო ეფექტურია და თანაც, ორგანიზმს არასდროს ვნებს.
ზამთარში ავადმყოფობამ რომ არ შეგაწუხოთ, ახლავე გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.
ნივრის “აბები”
ქიმიურ სამკურნალო პრეპარატებს ყველაზე დიდ კონკურენციას სიცხის დამწევი და ბაქტერიოციდული თვისებების მქონე ნიორი უწევს.
უპირველეს ყოვლისა, კერძებში ნივრის ჩამატება არ უნდა დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლოცაა და თან საკვებს არაჩვეულებრივ გემოს აძლევს. პროფილაქტიკისთვის კი საკმარისია, ყოველდღიურად 1-2 კბილი ნივრის მიღება. ეს დოზა გაცივების საწინააღმდეგო ბევრ წამალს ცვლის და მათგან განსხვავებით, გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
თუ ნივრის სუნი გაშინებთ, შეგიძლიათ რამდენიმე ნაწილად გაჭრათ და აბებივით გადაყლაპოთ. თუ ნივრის ჭამის შემდეგ პირში ლიმონიან წყალს გამოივლებთ, სუნი მყისვე გაქრება.
თაფლიანი ბოლოკი
ბოლოკი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. კარგია, თუ მას სიფრიფანა ნაჭრებად დაჭრით, შემდეგ მინის ჭურჭელში ჩააწყობთ, თაფლს დაასხამთ და მაცივარში შეინახავთ. ყოველდღიურად 2 სუფრის კოვზი თაფლიანი ბოლოკი მიირთვით და გაცივება არასდროს შეგაწუხებთ. ეს არაჩვეულებრივი გემოს მქონე “კერძი” აუჩქარებლად უნდა ღეჭოთ და დიდხანს არ გადაყლაპოთ. ბოსტნეულის წვენებიც იმუნიტეტის ასამაღლებელი ეფექტური საშუალებაა. ყოველი დილა მათი მიღებით დაიწყეთ და ზამთარში ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ შეგექმნებათ.
კენკროვანი ხილი
სამედიცინო კვლევებმა ცხადყო, რომ მოცვი იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით გამოირჩევა. თუ თქვენ ზაფხულში მოიმარაგეთ და შეინახეთ ეს ძვირფასი ხილი, ახლა მისი მოხმარების დრო დადგა. ყოველდღიურად მიირთვით 1 სუფრის კოვზი მოცვის მურაბა ან გახეხილი და შაქარმოყრილი, უმი მოცვი.
თუ ყელის ტკივილმა შეგაწუხათ, მაშინ 1 ს/კ ძახველს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 40 წუთი გააჩერეთ. ეს ნაყენი ყელში დღეში 4-ჯერ მაინც გამოივლეთ და დალიეთ 1 სუფროს კოვზი, დღეში 3-ჯერ. ამის პარალელურად, ყოველდღიურად 2 ვაშლი უნდა მიირთვათ (“ანტონოვკა” უკეთესია).
კენკროვანი ხილის გამომშრალი ნაყოფით, ფოთლებითა და ყვავილებით დამზადებული ჩაი ვიტამინების უშრეტი წყაროა და გაცივებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს აძლიერებს.