top of page

გაციება ბავშვებში


ბავშვის წელიწადში 4-6 ჯერ გაციება ან მწვავე რესპირატორული ინფექციებით დაავადება ნორმადაა მიჩნეული. ე.წ. გაცივებით დაავადებების (გრიპი, ზედა სასუნთქი გზების ანთება) პიკი, როგორც წესი, ბავშვის ბაღში ან სკოლაში მიყვანის პირველ წელზე მოდის. პატარას დაბადების შემდეგ, პირველი გაცივების შემთხვევაში მშობელმა კონსულტაციისთვის აუცილებლად პედიატრს უნდა მიმართოს. ავადმყოფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტული პირობების შექმნას, ოთახის ხშირად განიავებას და მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი პრეპარატების მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში (როცა ტემპერატურა 38,5 გრადუსზე მაღლა ადის) გამოყენებას.

რომელ სიმპტომს უნდა მიექცეს ყურადღება?

1 წლამდე ბავშვის გაცივების შემთხვევაში მშობელმა პედიატრს შემდეგი სიმპტომების არსებობის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს: კანის ფერის შეცვლა, სუნთქვის მოშლა, ხველა, ოფლიანობა, სისუსტე, კვების რეჟიმის დარღვევა და ნებისმიერი სხვა, უჩვეულო სიმპტომი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის ტემპერატურის ცვლილებაზე, გამონაყარის გაჩენაზე, მადის დაკარგვასა და კუჭის მოქმედების დარღვევაზე თვალყურის დევნება. ექიმს უნდა ეცნობოს იმის შესახებაც, თუ ბავშვი შესამჩნევად აღგზნებული გახდა ან პირიქით, მოითენთა, ძალიან დიდხანს სძინავს, ძილში კრთება და სხვა.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსზე მაღლა აიწევს და 36-ზე ქვევით დაეცემა. გარდა ამისა, თუ ბავშვს 3 დღეზე მეტხანს აქვს 37,1-37,9 გრადუსი სიცხე, ესეც საფრთხილოა, რადგან შეიძლება ნელა განვითარებადი ანთებითი პროცესის (პნევმონია, პიელონეფრიტი და სხვა) სიმპტომი იყოს. ასე რომ, სამ დღეზე მეტხანს სიცხის არსებობის შემთხვევაში, თუნდაც სიცხე 37,1 გრადუსი იყოს, ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

რომელი სიმპტომებია განსაკუთრებულად საშიში?

ბავშვის ხშირი ტირილი, სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, მოულოდნელად განვითარებული მოთენთილობა, რასაც ტემპერატურის დაქვეითება ახლავს;

უჩვეულო გამონაყარის გაჩენა;

კუჭის მოქმედება (თხიერი განავლით) დღეში 5-ზე მეტჯერ, მრავალჯერადი ღებინება;

კრუნჩხვები;

გულის წასვლა, ცნობიერების დარღვევა, დასმულ კითხვაზე ბავშვის არაადეკვატური პასუხი;

ბავშვის ხმის მოულოდნელი ჩახლეჩა, დაბოხება.

სუნთქვის მოშლა;

შეშუპების განვითარება, განსაკუთრებით – სახესა და ყელის მიდამოში;

მუცლის მკვეთრი ტკივილი;

თავის მკვეთრი ტკივილი.

ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში მშობელმა კონსულტაციისთვის პედიატრს უნდა მიმართოს, მაგრამ თუ რომელიმე სიმპტომი მოულოდნელად განვითარდა და მკვეთრად პროგრესირებს, მაშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაუყოვნებლივი გამოძახება აუცილებელია, რადგან შეიძლება ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

როდის უნდა გამოვიძახოთ ბავშვთა ექიმი?

პედიატრთან სატელეფონო კონსულტაციის დროს გაირკვევა, აუცილებელია თუ არა ექიმის მიერ ბავშვის გასინჯვა. სახლში პედიატრის გამოძახება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს წლამდე ბავშვისთვის ტემპერატურის აწევით მიმდინარე პირველი ავადმყოფობაა. გარდა ამისა, თუ მშობელი თავად მკურნალობს ბავშვს და ავადმყოფობის მესამე დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაშინ პატარა აუცილებლად უნდა ნახოს პედიატრმა.

როგორ ვუმკურნალოთ გაცივებას?

ზოგიერთი ექიმი ფრთხილობს და ბავშვს ბევრ წამალს უნიშნავს, ზოგი დალოდების ტაქტიკას ირჩევს და უპირატესობას ნატურალური საშუალებებით მკურნალობის მსუბუქ მეთოდს ანიჭებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გაცივება – ეს არის იმუნიტეტის წრთობა გამომწვევთან ბრძოლაში და ბავშვისთვის, რომელსაც რაიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს. ასე რომ, დალოდების ტაქტიკა და დაკვირვება ბავშვის იმუნიტეტს გაკაჟების საშუალებას აძლევს. ჩვეულებრივ, მსუბუქი კვება, თბილი სასმელები, დასვენება და “ხალხური საშუალებებით” მკურნალობა ბავშვის სწრაფად გამოჯანმრთელებისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად საკმარისია.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page