ვირისტერფა - მკურნალი !
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_8a117d06622a460aa37e2734b8698f0d~mv2.jpg/v1/fill/w_480,h_360,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/109a1e_8a117d06622a460aa37e2734b8698f0d~mv2.jpg)
ვირისტერფა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. ფესვებთან ახლოს მდებარე ფოთლები, რომლებიც მცენარეს ყვავილობის შემდეგ გამოაქვს, მომრგვალო, გულის ფორმისაა, არათანაბრად დაკბილული და მკვრივი, ქვედა მხარეს შეხებისას თბილი გვეჩვენება, ზედაპირი კი რამდენადმე შიშველი და ცივი აქვს. ვირისტერფა გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, კავკასიაში, ციმბირსა და შუა აზიაში. იზრდება ტენიან თიხნარ ნიადაგზე, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე, გზისა და ხევის პირებზე, მინდვრებსა და მდელოებზე, დამშრალი ჭაობების ადგილას. სამკურნალოდ ვარგისია ვირისტერფას ფოთლები, რომლებსაც კრეფენ ზაფხულის პირველ ნახევარში (ივნის-ივლისში), კალათის დათესლიანებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ვირისტერფას ფოთლები შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, გლიკოზიდ ტუსილიაგინს, ინულინს. ფოთლების ნაყენი ძლიერი ამოსახველებელი მოქმედებით გამოირჩევა. მას უძველესი დროიდანვე იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებათა დროს. ფოთლების ნაყენი: აიღეთ 5 გ (ერთი სადილის კოვზი) ვირისტერფას ფოთოლი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ. ხშირ-ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ. მიღებული ნაყენი ადუღებული წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. როგორც ამოსახველებელი საშუალება, უნდა მიირთვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.