აკუპუნქტურა
ეს არის ერთ-ერთი უძველესი ჩინური ხალხური მედიცინის მეთოდი - სხეულის გარკვეულ წერტილებში პლატინის, ოქროს ან ვერცხლის ნემსის ჩხვლეტა.
დაავადებისა და სინდრომის მიხედვით ნემსის ჩხვლეტის ადგილი და სიღრმე სხვადასხვაგვარია.
ძველი ჩინური ლეგენდის თანახმად, ხუთი ათასი წლის წინათ ერთი მხედართმთავარი ცხოვრობდა, რომელიც წელს ქვემოთ საშინელი ტკივილით იტანჯებოდა ერთ-ერთ ბრძოლაში მხედართმთავარს ისარი პირდაპირ აქილევსის მყესში მოხვდა და... ტკივილი მყისვე ჩაუცხრა.სასწაულებრივი განკურნების ამბავი მთელ ჩინეთს მოედო და მეთოდიც მალე გავრცელდა ხალხში.
არ ვიცით, როგორ იხსენიებდნენ ჩინელები მკურნალობის ამ მეთოდს; “აკუპუნქტურა” ჩხვლეტა-ზეწოლით მკურნალობას ჰოლანდიელმა ექიმმა ტინ რინემ უწოდა, ყველაზე უკეთ კი მკურნალობის ეს დარგი ფრანგებმა განავითარეს და მათვე გაუწიეს რეკლამა მთელ ევროპაში.''
თავიანთი მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში აკუპუნქტურის ჩინელმა მამებმა საჩხვლეტად გამოსადეგი 700-მდე აქტიური წერტილი აღმოაჩინეს.
აკუპუნქტურის სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, ამ მეთოდს უარყოფითი მხარე პრაქტიკულად არ გააჩნია. მისი საშუალებით ადამიანი სამუდამოდ დაემშვიდობება გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, საშარდე და სხვა სისტემების დაავადებებს. ერთი სიტყვით, არ არსებობს ორგანო, რომლის მორჩენასაც ბიოაქტიურ წერტილებზე ზემოქმედება ვერ ახერხებდეს. თუმცა არც გაფრთხილებას ივიწყებენ: აკუპუნქტურის ჩატარება რეკომენდებული არ არის ორსულებისთვის მუცელზე, ახალშობილებისთვის ყიფლიბანდის არეში, მშიერი, ზომაზე მეტად დანაყრებული, სუსტი და არაქათგამოლეული ადამიანისთვის.