top of page

მედიცინა ძველ ამერიკაში

ამერიკის აბორიგენების უძველესი ტექსტების შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაიას ტომის იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მაიას ტომის ( ცენტრალური ამერიკა. I ათასწლეული ჩვ. ერამდე)სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერებიდან აღსანიშნავია მალაბერის კოდექსი, ბორჯიას კოდექსი, აცტეკელი ექიმის დე ლა კრუსას კოდექსი და ა.შ. გარდა წერილობითი ძეგლებისა ძველი ამერიკელების დაავადებებსა და მათი მკურნალობის შესახებ მოგვითხრობენ მაიას პირამიდები, ინკების (თანამედროვე პერუს ტერიტორია) მუმიები, ხელოვნების ნიმუშები, აგრეთვე ძველი პერუს მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაკეთობანი, რომლებზედაც გამოსახულია ადამიანის ფიზიკური განვითარების ანომალიები (“კურდღლის ტუჩი, აკრომეგალია), დაავადებები (სიბრმავე, კანის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება), ოპერაციული ჩარევის შედეგები (კიდურების ამპუტაცია, თავის ქალას ტრეპანაცია), აგრეთვე მშობიარობის პროცესი.

ძველ ამერიკაში ყველა ხალხს თავისი მკურნალობის ღმერეთი ჰყავდა. სიკვდილის შემდეგ ცხოვრების რწმენამ მიიყვანა ისინი გვამების ბალზამირების პრაქტიკამდე. ინკებმა იცოდნენ გვამების შენახვის ქიმიური მეთოდები. გაკვეთის მათეული ტექნიკა მოგვაგონებს ძველეგვიპტურს. შიგნეულობისა და თავის ტვინის გამოღების შემდეგ (ძირითადად კეფის დიდი ღიობის მხრიდან), გვამს ამუშავებდნენ ბალზამით სახელწოდებით “ტოლუ”, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა პერუული ბალზამი, ხის ფისი, მარილი, ალკალოიდები, მენთოლი, ტანინი, და ბევრი სხვა. ადგილობრივი ბუნებრივი ნივთიერება. ინკების მითოლოგიაში არსებობდა გვამების მფარველი ღმერთი – ტოტემი ვარი. მუმიების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელ აბორიგენების საზოგადოების გარკვეულ ფენას წესად ჰქონდა ადამიანის სხეულის ნაწილების ფორმის განზრახ შეცვლა: ზედა კბილების წამახვილება, კბილების ინკრუსტირება ნეფრიტით, ობსიდიანით, იასპითა და ოქროთი, თავის ქალის ფორმის შეცვლა, ცხვირის ძგიდის, ბიბილოებისა და ენის გახვრეტა. მაიას წარმოდგენა სილამაზეზე გულისხმობდა ბრტყელ შუბლს, წაგრძელებულ ქალას და სიელმეს. ამის გამო ახალშობილის თავს დაბადებისთანავე ორ ბრტყელ ფიცარს შორის მოაქცევდნენ, ხოლო შუბლზე, თვალებს შორის ყურადღების მისაქცევად მძივს ჰკიდებდნენ. ანტიკური სამყაროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მაიას ტომის დამსახურება უტოლდება ძველი ეგვიპტისას. მაიას კალენდარი ისევე, როგორც მათ მიერ აღმოჩენილი რიცხვი p გაცილებით უფრო ზუსტი იყო განათლებული ევროპის მიერ გამოყენებულზე კოსმოსურ ერამდეც კი. აცტეკები (თანამედროვე მექსიკის ტერიტორია) იყენებდნენ ოცობით სისტემას, მზის კალენდარს, იცოდნენ პიქტოგრაფიული დამწერლობა. მათი მედიცინა ყველაზე პოპულარული იყო მთელს კონტინენტზე. ინკებმა სრულყოფილებას მიაღწიეს მშენებლობის საქმეშიც, იცოდნენ ოქროს, სპილენძისა და ვერცხლის დამუშავება, აწარმოებდნენ აღრიცხვას და მიმოწერას.

ძველი ამერიკის მედიცინა მის თანამედროვე ფეოდალური ევროპის მედიცინას აღემატებოდა რიგი ასპექტების მიხედვით. ადამიანის სხეულის ნაწილების აღსანიშნავად ყველაზე მეტ (რამდენიმე ასეულ) ტერმინს აცტეკები იყენებდნენ მაშინ, როდესაც მაიას ტომი მხოლოდ 150 – ს. ბევრი მკვლევარი ამ ფაქტს უკავშირებს რიტუალური მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკას, როდესაც დადგენილ დღეებში რამდენიმე ათას ადამიანს კვეთდნენ მკერდსა და უღებდნენ გულს.

დაავადებების მიზეზად ითვლებოდა ცუდი საქციელი და ცოდვები, კალენდარული წლის თავისებურებები, არასრულყოფილი მსხვერპლთშეწირვა, არამიწიერი და მაგიური ძალები. მაგ., აცტეკები მიიჩნევდნენ, რომ ფეხების დაავადებებს, წყლულებსა და გაციებებს წვიმის ღმერთი ტლალოკი უგზავნიდა მათ, ხოლო მაიას ტომი ციებას, სიყვითლეს, სისხლღებინებას უკავშირებდა მაიმუნებს, რომლებსაც თავის წინაპრად მიიჩნევდნენ. ამასთან ერთად, ავადმყოფის ცხოვრებიდან გამომდინარე, აღიარებდნენ დაავადების ბუნებრივ მიზეზებსაც. მკურნალობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაგიასთან, თუმცა ის არსობრივად ეფუძნებოდა კონტინენტის ხალხების ემპირიულ გამოცდილებას. დაავადებებს მკურნალობდნენ ქურუმები და სახალხო მკურნალები. აცტეკები მათ ”ტისიტლებს” უწოდებდნენ. ძველ პერუში არსებობდა მთელი ტომი მკურნალებისა –“კალეუალია”, რომლებიც მკურნალობდნენ მმართველ ინკებს და ინახავდნენ თავისი ხელოვნების საიდულმლოებებს ტომის შიგნით. ჩვენამდე მოღწეულ კოდექსებში აღწერილია ცალკეული დაავადებები და მათი მკურნალობის მეთოდები. ამ კოდექსებიდან ვიგებთ, რომ მაია და აცტეკები იტანჯებოდნენ სხვადასხვა გადამდები დაავადებებით. მაგალითად, ტულას სახელმწიფოს დაცემა აიხსნება მასობრივი დაავადებებით, რომელსაც თან ახლდა სისხლიანი ღებინება და ფაღარათი. ტექსტები გვამცმობენ სხვადასხვა ციებების შესახებაც, მათ შორისაა დაავადებაც, რომელმაც შემდეგში მიიღო სახელწოდება “მალარია” (ესპანურად – ცუდი ჰაერი). სააგუნას წიგნში ბალახების შესახებ სპეციალურ განყოფილებაში აღწერილია 251 სამკურნალო მცენარე და მოყვანილია მათი 185 ფერადი სურათი. ზოგიერთი სწავლულის აზრით, აცტეკელმა მკურნალებმა იცოდნენ 3000 სამკურნალო მცენარე. მათ მიერ გაშენებულმა სამკურნალო მცენარეების ბაღჩებმა განაცვიფრეს ესპანელი კონკისტადორები.

ძველი პერუს მედიცინის შესახებ წერდა ინკი გარსილასო დე ლა ვეგა. თავის “ინკების სახელმწიფოს ისტორიაში” ის მოგვითხრობს სისხლის გამოშვებაზე და ადგილობრივი კუჭისამშლელი და ღებინების გამომწვევი საშუალებებით კუჭის გაწმენდაზე, მახვილა ჭიების გამოდევნაზე ორგანიზმიდან, დიეტით განწმენდაზე, ჭრილობების მკურნალობაზე და ღრძილების გამაგრებაზე, ასევე ბალახის, სახელწოდებით “მატეკლუ” მოქმედების ეფექტურობაზე, რომლის დადებაც კურნავდა მწვავე ანთებით დაავადებებს და ორი დღე-ღამის განმავლობაში აქრობდა ლიბრს. დღეისათვის კონტინეტის სამკურნალო მცენარეების უმდიდრესი არსენალიდან ბევრი მათგანი შესწავლილია და დანერგილია მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში. ესენია: იპეკაკუანა და სათითურა, ქინაქინისა და გუაიაკოვოს ხის ქერქი, ნარკოტიკული საშუალებები, პერუული ბალზამი, კოკის ფურცლები და მრავალი სხვა. კონტინეტზე უმაღლეს დონეს მიაღწია მშობიარეთა დახმარების ხელოვნებამ და ქალური დაავადებების მკურნალობამ, რომელიც იმ დროის ევროპულს არ ჩამოუვარდებოდა. მშობიარობის მიღებით კონტინეტზე დაკავებული იყვნენ ის ქალები, რომლებმაც უკვე იმშობიარეს. ისინი სარგებლობდნენ დიდი პატივისცემით და იწვევდნენ ოჯახებში ქორწინებისთანავე, რათა მათგან მიეღოთ აუცილებელი რჩევები ჰიგიენასა და ფეხმძიმობის პერიოდში ქცევის წესებზე. მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე ფეხმძიმეს უწყობდნენ აბანოს, რომლის დროსაც უსინჯავდნენ მუცელს, არკვევდნენ ნაყოფის მდებარეობას და საჭიროების შემთხვევაში ასწორებდნენ კიდეც. მშობიარობის პირველივე ნიშნების გამოვლინებისთანავე მშობიარეს აბანოში ბანდნენ, დაზიანებების თავიდან ასაცილებლად აძლევდნენ წამალს სახელწოდებით “სასაუაკტილი” და ასმევდნენ წვენებს, ნაყენებსა და ბალახების ნახარშებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ გაუტკივარებასა და ახდენდნენ მშობიარობის სტიმულირებას. მშობიარობდნენ ოთხზე დამდგარი ან ჩაცუცქულნი. როგორც წესი, მშობიარეს ეხმარებოდა ორი ქალი: ერთი უკნიდან იჭერდა მას, ხოლო მეორე იღებდა ახალდაბადებულს. ძუძუთი კვებას იწყებდნენ დაბადებიდან 2-3 დღის შემდეგ, რომელიც ხანდახან გრძელდებოდა 3-4 წელი. რძის მოყვანის სტიმულაციისათვის გამოიყენებდნენ სამკურნალო მცენარეებს. საერთოდ, მაიასა და აცტეკების ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდნენ სახალხო აბანოები, რომლებიც გამოიყენებოდნენ ჰიგიენური, სამკურნალო და სარიტუალო მიზნით. აბანოში ემზადებოდნენ სამშობიაროდ, ბანდნენ ახალდაბადებულს, აკეთებდნენ მასაჟებს, გოგირდის წყლით მკურნალობდნენ კანის დაავადებებს. ქალური დაავადებების მკურნლობა ასევე ძალზე ეფექტურად მიმდინარეობდა ადგილობრივი სამკურნალი მცენარეების, მინერალებისა და ცხოველების ნაწილების გამოყენებით და დოზების მკაცრი დაცვით. კოლუმბამდელი ამერიკის მედიცინის ზოგიერთი საშუალება დღესაც გამოიყენება სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, თუმცა ბევრი მათგანი უცნობია თანამედროვე მეცნიერებისათვის. კერძოდ, ეს ეხება ორსულობის სიხშირის რეგულაციას: თუ თანამედროვე ბრაზილიის ინდიელთა ტომის ქალმა გადაწყვიტა თავი შეიკავოს დაფეხმძიმებისაგან, ის სვამს რაღაც ბალახების ნაყენს და არ ფეხმძიმდება. თუ რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვეტს დაორსულებას, საამისოდ ის სხვა ბალახს იყენებს. ეს საიდუმლო მკაცრად არის დაცული ტომის შიგნით და ზეპირად გადაეცემა თაობიდან თაობას.

ოპერატიული მკურნალობის სფეროში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს ინკებმა და მათმა წინამორბედმა პრე-ინკებმა. მათი მკურნალები კარგად ახორცებდნენ ჭრილობებს, აკეთებდნენ ზედა და ქვედა კიდურების ამპუტაციებს, თავის ქალის ტრეპანაციებს. ოპერაციათა 70% წარმატებით მთავრდებოდა, რაზეც მიუთითებს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ თავის ქალებზე ოთხკუთხა და მრავალკუთხა ნაჭრილობევების ირგვლივ წარმოქმნილი ძვლოვანი კოჟრები, რისი განვითარებაც მხოლოდ პაციენტის სიცოცხლეში იყო შესაძლებელი. ტრეპანაცია წარმოებდა როგორც რიტუალური, ისე სამკურნალო მიზნებით: თავის ქალას ჭრილობებისა და ტრავმების, ძვლოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესების, სიფილისური წყლულებისა და სხვა შემთხვევებში. აცტეკების სახელმწიფოში არსებობდა სპეციალური ორგანო, რომელიც მკურნალთა მოღვაწეობას აწესრიგებდა. კორტესის ცნობით, აცტეკების არმიაში, რომელიც ითვლიდა 150 ათას ადამიანს, იყვნენ ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანით დასაქმებული სპეციალური ადამიანები. არსებობდა სამხედრო ჰოსპიტალები, ასევე, სპეციალური შენობები ხეიბრების, ალბინოსების, უკურნებელი და უცნობი დაავადებებით შეპყრობილი ადამიანების იზოლაციისათვის. ეპიდემიების დროს დაუყონებლივ ტოვებდნენ დაავადების კერებს, განსაკუთრებით მაღალი სოციალური ფენების წარმომადგენლები. ინკების იმპერიაში არსებობდა მკაცრი წესები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფოებრივი რეგლამენტაცია. მაგ. ავადმყოფებს ეკრძალებოდათ ქალაქებში ცხოვრება, დაბადებიდან ავადმყოფებს კი – ქორწინება, აგრეთვე ავადმყოფების თავშესაფრების ორგანიზაცია და სხვ.

კოლუმბამდელი ამერიკის მაღალცივილიზებული კულტურის ცენტრები დიდად განხვავდებოდნენ მათი თანამედროვე დასავლეთ ევროპული ცენტრებისაგან. მაგ. აცტეკების დედაქალაქში ტენოჩტიტლანეში, რომელიც 150 ათას ადამიანს ითვლიდა, სისუფთავის დაცვას ემსახურებოდა ათასამდე ადამიანი. ამ ქალაქის ქუჩებში ისეთი სისუფთავე იყო, რომ კონკისტადორების გადმოცემით, “ფეხს ვერაფერს წამოკრავდით”. ქალაქში სუფთა სასმელი წყალი მთებიდან ქვის ორი წყალსადენი მილით მოედინებოდა. ძველი ამერიკის მედიცინა ძველი სამყაროს მედიცინის ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საინტერესო ფურცელია. ძველი ამერიკის ცივილიზაციის ტრაგიკულმა დასასრულმა აჩვენა ადამიანებს, რომ აუცილებელია წარსულის მემკვიდრეობის გულმოდგინედ დაცვა, საფუძვლიანი შესწავლა, გამდიდრება და შემდგომი განვითარების მიზნით მომავალი თაობებისათვის გადაცემა.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page