სხეული ითხოვს წყალს

დიახ! წყალი და არა, მაგალითად, ლუდი! სიცხეშიც კი, როცა გეჩვენებათ, რომ მხოლოდ გაზიანი სასმელი ან ლუდი გინდათ, დალიეთ ორი ჭიქა წყალი და მიხვდებით, რომ არც ლუდი და არც კოლა არაფერში გჭირდებათ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ჩვეულებრივი სასმელი წყალი სვათ. თუ ინდივიდუალური უკუჩვენება არ გაწუხებთ, დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი მიიღეთ. ყავა, ჩაი და გაზიანი სასმელები თქვენს სხეულს სასურველ სარგებელს ვერ მოუტანს, ზოგიერთი სასმელი კი თქვენს ორგანიზმს ზედმეტ ქიმიურ ნივთიერებებსაც შემატებს.
გახსოვდეთ, ადამიანის ორგანიზმის 70% წყლისგან შედგება, ამიტომ იგი მუდმივად საჭიროებს ბალანსის დაცვას. იცით, რომ კოლას მსგავსი სასმელები არათუ აქრობს წყურვილს, პირიქით, წყურვილის მასტიმულირებელ ნივთიერებებს შეიცავს?!
სუფთა სასმელი წყალი აიოლებს და აწესრიგებს კუჭის მუშაობას. წყალი უშუალოდ მოქმედებს ლორწოს წარმოქმნაში, რომელიც კუჭის კედლებს ფარავს და იცავს, ამიტომაც წყლის მიღება დიდი ოდენობით რეკომენდებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის წყლული და ა.შ. კუჭის გამწვავებული წყლულოვანი დაავადებების დროს სასურველია ჭიქა წყალი ყოველ საათში, ყოველ 30 წუთშიც კი მიიღოთ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ტკივილი მალევე დაგტოვებთ!