ნუშის სამკურნალო თვისებები

ნუშის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი, მის ძალას და ეფექტურობას თვით ავიცენაც კი აღიარებდა. ნუში აძლიერებს ტვინის მოქმედებას, აუმჯობესებს მხედველობას, არბილებს ორგანიზმს, აშუშებს ჭრილობებს, წყლულებს. ნუშის სამკურნალოდ გამოყენება დღემდე არ შეუწყვეტიათ. მედიცინაში უმთავრესად მის მწარე ჯიშებს იყენებენ, რომლებიც ცხიმოვან მჟავებთან, ცილებს და შაქართან ერთად ამიგდალინის გლიკოზიდსაც შეიცავს. სწორედ ის ანიჭებს ნუშს მომწარო გემოს და ძალზე ტოქსიკურიც არის. წინასწარი დამუშავების გარეშე მწარე ნუშის ჭამა არ შეიძლება. გარდა ამისა, ნუში მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით – E ვიტამინით, რომელიც ეფექტური ანტიოქსიდანტია) და მინერალური ნივთიერებებით (რკინით, კალციუმით, თუთიით, მაგნიუმით...). ნუში რომ უაღრესად სასარგებლოა, თანამედროვე მედიცინაც აღიარებს. ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს, აშუშებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს (ეფექტურია ანგინის, სტომატიტის დროს) და ასტიმულირებს კუჭში სასარგებლო ბაქტერიების გამომუშავებას, რომლებიც საჭმლის მონელებაში მონაწილეობენ. ნუში განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის, ამიტომ მისი ზეთი მრავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის. ნუშის ზეთს სხეულის მოსავლელად ათასობით წელია იყენებენ, თუმცა მისი უნიკალური შემადგენლობა სულ ათიოდე წლის წინ გაშიფრეს. აღმოჩნდა, რომ ნუშის ზეთი მდიდარია: B ჯგუფის, A, E და F ვიტამინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ცილებით, მინერალებით, გლუკოზით, ემულსინით (ფერმენტია), ლეციტინით, მრთმილავი ნივთიერებებით. ნუშის ზეთში შემავალი F ვიტამინი, რომელსაც ანტიოქსიდანტური (თავისუფალი რადიკალების შემბოჭავ) თვისებები აქვს, ხელს უშლის უჯრედების დაბერებას, აცხრობს ანთებით პროცესს, გარდა ამისა, აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, ასტიმულირებს თმის ზრდას, ანიჭებს მას მოქნილობას და ბზინვარებას. ოლეინის მჟავა (ამ უნიკალური ნივთიერების შემცველობა ნუშში 82%-ია) ზრდის კანის შეღწევადობას, ხელს უწყობს ქსოვილში ნივთიერების თანაბარ განაწილებას, ამიტომ იოლად შეიწოვება და ეფექტურად კურნავს კანს. ნუშის ზეთზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები იდეალურია მგრძნობიარე, გამომშრალი და გაუხეშებული კანისთვის, რადგან ეფექტურად ატენიანებს კანის ქსოვილს, აცხრობს გაღიზიანებას, სიწითლეს, გამონაყარს, ამავე დროს საუკეთესო მკვებავია ტონუსდაკარგული, მოდუნებული კანისთვის და, რაც მთავარია, ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს, რაც ზეთის აღმდგენი თვისებების დამსახურებაა: ნუშის ზეთში შემავალი ნივთიერებები გამომშრალი, სიცოცხლედაკარგული უჯრედების ჩამოფცქვნას და ახლების გამრავლებას უწყობს ხელს. ნუშის ზეთი თოთო კანისთვისაც მარგებელია: ხსნის გაღიზიანებას, აქრობს ანთებას, არბილებს და კვებავს კანის ქსოვილს. ამიტომაც არის, რომ უხვად ამატებენ ბავშვის კანის მოსავლელ საშუალებებს. ნუშის ზეთის ნიღბები . დასველებულ და საგულდაგულოდ გაწურულ ბამბის ქსოვილის ხელსახოცზე დაასხით 20-25 მლ ნუშის ზეთი, დაიფინეთ სახესა და კისერზე, ზემოდან კი პირსახოცი გადაიფარეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთი. ამ ნიღბის გაკეთებას თვეში 1-2-ჯერ გირჩევთ. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკოვანი, დეკორატიული კოსმეტიკით გაღიზიანებული კანისთვის. . 2-3 ს. კ. შვრიის ფქვილს დაასხით ცხელი წყალი – იმდენი, რომ არაჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. დაამატეთ 5-10 მლ ნუშის ზეთი, 2-3 წვეთი ლიმონის, ვარდის, სანდალოზის ან 1-2 წვეთი სანდალოზის, ფორთოხლის, პაჩულისა და ვარდის ხის ეთერზეთები. ნუში პრობლემური კანისთვის . თუ გაუხეშებული, მოდუნებული კანი გაქვთ, 1 ს. კ. ნუშის ზეთს დაამატეთ თითო წვეთი ლიმეტის, ვარდისა და სანდალოზის ეთერზეთები და სახეზე გადაისვით. შეგიძლიათ შეურიოთ იმავე ოდენობის ლავანდის, ვარდის, ლიმონისა და კვიპაროსის ეთერზეთები. . ჰერპესული გამონაყარის გასაქრობად ნუშის ზეთს დაამატეთ იმავე მოცულობის ლავანდის, ილანგ-ილანგის, გვირილის ან ჩაის ხის ზეთი. ამ ნარევით გამონაყარი დღეში 4-5-ჯერ დაიმუშავეთ. . თუ კანი დაგეწვათ (თუნდაც გარუჯვისას), გადაისვით მხოლოდ ნუშის ზეთი ან ნუშისა და ხორბლის ღივის ზეთების ნარევი (1:1). შეგიძლიათ, 1 ს. კ. ნუშის ზეთს დაამატოთ 2-3 წვეთი ლიმონის, გრეიპფრუტის, ვარდის ეთერზეთები. ნუში ცელულიტისთვის აიღეთ 1 ს. კ. ნუშის ზეთი, დაამატეთ 1-2 წვეთი ფორთოხლის, მანდარინის, პაჩულის, კამის, გრეიპფრუტის ეთერზეთები და შეიზილეთ სხეულის პრობლემურ (ბორცვაკებიან) უბნებზე. ნუში თმისთვის: . თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, შეიზილეთ თმაში ნუშის ზეთი დაბანამდე რამდენიმე წუთით ადრე და თანაბრად გაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე – დაიწვეთეთ ძირებზე და ჩამოივარცხნეთ. მეტი ეფექტისთვის 1 ს. კ. ნუშის ზეთს 2-2 წვეთი ბერგამოტისა და ლიმონის ან კვიპაროსისა და კედრის ეთერზეთები დაამატეთ. . მშრალი თმის შემთხვევაში კი გირჩევთ, ნუშის ზეთი დაბანის შემდეგ შეიზილოთ. შეგიძლიათ, 10 მლ ზეთს 5-5 წვეთი ილანგ-ილანგისა და ფორთოხლის ან მანდარინისა და სანდალოზის ეთერზეთები დაამატოთ. . ქერტლის დროს შეიზილეთ თმაში 2 ს. კ. (სასურველია, ეთერზეთებდამატებული) ნუშის ზეთი, გაიჩერეთ 15-60 წუთი და შამპუნით ჩამოიბანეთ.
Yorumlar