ფეიხოა

ფეიხოა ჩიყვის წინააღმდეგ ფეიხოას ნაყოფი იოდის ნამდვილი საბადოა. მასში შემავალ იოდს ორგანიზმი მთლიანად ითვისებს. იოდის შემცველობის მხრივ, ფეიხოა ზღვის პროდუქტებსა და წითელ თევზსაც კი უსწრებს. მისი სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს.იოდის მაღალი შემცველობის გამო, ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს, ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ფეიხოა შეიცავს С, В1, В2, В3, В5, В6, РР ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიასა და ფოსფორს, აგრეთვე, ადვილად ათვისებად ცილებსა და ცხიმებს, რაც მას კვების დიეტურ პროდუქტებს აკუთვნებს. გაცხიმოვნების, უძლურების, ავიტამინოზის დროს ყოველდღიურად რეკომენდებულია ფეიხოას 5-6 ნაყოფის მიღება. ფეიხოაში შემავალი ეთერზეთები ორგანიზმს ვირუსებთან და მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელებასთან ბრძოლაში ეხმარება. ფეიხოა სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც. პექტინით მდიდარ რბილობს მსუბუქი საფაღარათე თვისება აქვს, კანში კი პირიქით, მთრიმლავი ნივთიერებები შედის. ფეიხოას კანი მდიდარია კატეხინითა და ლეიკოანტოციანით – უმძლავრესი ანტიოქსიდანტებით. ისინი ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავენ, კანს აახალგაზრდავებენ და კიბოს უჯრედების წარმოქმნას ეღობებიან წინ. ფეიხოას არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ნაყოფი მკვრივი იყოს, დაზიანებული ზედაპირის გარეშე. გაჭრისას რბილობის შუა ნაწილი გამჭვირვალე უნდა იყოს – ეს არის მწიფე და გემრიელი ხილის გარანტია. თუ რბილობი მოთეთრო ფერისაა, ე.ი. იგი ჯერ არ დამწიფებულა, თუ ჩალისფერ-მოყავისფრო – ე.ი. დამპალია. ფეიხოა გასტრიტსაც შველის, ათეროსკლეროზსაც, ანემიასაც და ავიტამინოზსაც. მნიშვნელოვანი დაბალკალორიულობის გამო (100 გრამზე, სულ რაღაც, 49 კილოკალორია), ის წარმატებით გამოიყენება დიეტოლოგიაშიც. ფეიხოას უკუჩვენებები ფეიხოას გასაოცარი საგემოვნო თვისებების გამო, ძალზე ხშირია მისი ჭარბი დოზითგამოყენების შემთხვევები. ეს განსაკუთრებით საშიშია ჰიპერთირეოზის – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის მქონეთათვის. სჯობს მათ, ზოგადად, თავი შეიკავონ ფეიხოას მიღებისგან. იოდის ჭარბი დოზით მიღების სიმპტომებია: მომატებული ნერვული აგზნებადობა, ზოგჯერ ნერვულ კრიზში გადასული მოუსვენრობა, გაძლიერებული გულისცემა და ციმციმა ტემპერატურა. კუჭის მოქმედების ჩვეულ რიტმს დაარღვევს ფეიხოას მიღება ძროხის რძესთან ერთად. ბევრი საქაროზის შემცველობის გამო ფეიხოა უკუნაჩვენებია მათთვისაც, ვისაც დიაბეტი აქვს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტში პექტინის მაღალი შემცველობის გამო მისი ეს თვისება ნიველირდება. ასე რომ, დიაბეტიანებმა სჯობს, კონსულტაცია ექიმთან გაიარონ. აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ფეიხოას ალერგიული რეაქციები ახასიათებს. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც ამ ხილით ბავშვებს ვუმასპინძლდებით.
Opmerkingen